addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon
ge

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ქალაქ წალკაში, კლდეკარის ქუჩის 5 ნომერში, ყოველ პარასკევს სოციალურმა საღამოებმა დაიდო ბინა. ღია, ინტერაქტიულ და არაფორმალურ ღონისძიებებს ამ პერიოდის განმავლობაში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ოფისი მასპინძლობს. სწორედ აქ იკრიბებიან წალკის ადგილობრივები, ახალგაზრდები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და ყოველ პარასკევს სხვადასხვა თემატიკაზე საუბრობენ. საღამოს ორგანიზატორები ცდილობენ, შერჩეული თემატიკები მოსახლეობისთვის საინტერესო და აქტუალური იყოს, გარდა ამისა, საღამოს მონაწილეებს სურვილების აკვარიუმის მეშვეობით, აქვთ საშუალება, თავად შეარჩიონ მისი თემატიკა. ისინი ე.წ აკვარიუმში მათთვის საინტერესო თემას აგდებენ, რომლებზეც სურთ, რომ მომდევნო შეხვედრა აიგოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ საღამოებს ჰყავს საინტერესო სპიკერებიც, რომლებიც თავიანთ პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებენ დამსწრეებს.

სოციალური საღამოები მრავალფეროვან ხასიათს ატარებს – აქ შეგიძლიათ მოისმინოთ ინფორმაცია სხვადასხვა საინტერესო თემაზე: თუნდაც აგრო ტურიზმის ან სამკურნალო მცენარეების შესახებ, ასევე მიიღოთ ჭრა-კერვის პრაქტიკული რჩევები და ა.შ სოციალური საღამოები ერთგვარი მცდელობაა წალკაში გაჩნდეს ადგილი, სადაც მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა შეიკრიბოს, იმსჯელოს, მოისმინოს საინტერესო ინფორმაცია და მიიღოს გამოცდილება მისთვის საინტერესო თემატიკაზე.

“მაქსიმალურად ვცდილობთ სოციალურ საღამოებზე არაფორმალური და უშუალო გარემო შევქმნათ. ეს არ არის ტრენინგის ან სემინარის ტიპის ღონისძიება. სოციალური საღამოების ორგანიზებით ადგილზე ვქმნით სივრცეს, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება შეხვდეს, ისაუბროს იმ საკითხებზე, რომლებიც მათთვის საინტერესო და აქტუალურია. გვაქვს ე.წ. სურვილების აკვარიუმი, სადაც დამსწრეებს აქვთ საშუალება გაგვიზიარონ თავიანთი სურვილები რა თემაზე უნდათ სოციალური საღამოების ორგანიზება. სხვადასხვა ასაკის, სქესის და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები ესწრებიან ამ საღამოებს. თემები საკმაოდ მრავალფეროვანია და ვცდილობთ ყველას ინტერეს მოვარგოთ,” – ნინო თევზაძე, ჩართულობისა და ინტეგრაციის კომპონენტის ლიდერი.

როგორც უკვე ვახსენეთ, თითოეული საღამო სხვადასხვა თემის განხილვას ეძღვნება. მაგალითისთვის შეგვიძლია, მოვიყვანოთ ქალები და აგროტურიზმი – საღამოზე მოწვეული იყო  აგროტურიზმის სფეროში დასაქმებული წარმატებული ქალი მეწარმე, საოჯახო აგრო სასტუმროს კორენას მეპატრონე. შეხვედრის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აგროტურიზმით დაინტერესებულ აუდიტორიას სპიკერმა საკუთარი გამოცდილების მაგალითზე აგროტურიზმის სფეროში წარმატების ისტორია გაუზიარა. მან ყურადღება გაამახვილა წალკის იმ რესურსებზე, რომელიც მუნიციპალიტეტის ძლიერ მხარეს წარმოადგენს და ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია აგროტურიზმის სფეროში ბიზნესის დასაწყებად გამოიყენოს.

ასევე, ერთ-ერთი საღამო მიეძღვნა აბიტურიენტებთან შეხვედრას – შეხვედრისას გამომსვლელებმა აბიტურიენტებს გამოცდილება და სასარგებლო რჩევები გაუზიარეს. ღონისძიებაზე გამომსვლელები შეეხნენ უნივერსიტეტში სწავლების სპეციფიკას, აბიტურიენტთა მოლოდინებსა და სტუდენტურ ცხოვრებას, ასევე, რამდენად თანხვედრაშია სტუდენტის პროფესიული და კარიერული მიზნები ერთმანეთთან.

ერთ-ერთ სოციალურ საღამოს  საველე  შემეცნებითი ხასიათი ქონდა და წალკის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე გახორციელდა. სოციალური საღამოს თემა წალკის მცენარეთა მრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები იყო. საღამოს ფარგლებში მოეწყო სახალისო შემეცნებითი თამაშები და აქტივობები. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა წყალსაცავის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოაწყეს.

აქვე დავაანონსებთ, რომ სექტემბრიდან თემატური თვეები იქნება სოციალური საღამოებისთვის, მთელი თვე საგანმანათლებლო პროგრამებს და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობებს დაეთმობა, რომელსაც ამერიკის საელჩოს გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულთა ასოციაცია EPAG გახსნის 5 სექტემბერს.

“აღნიშნული საღამოების შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით შევიტყვე და მას მერე აქტიურად ვესწრები მათ. ერთ-ერთი ბოლო საღამო მიეძღვნა წალკაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისა და ქართული სამზარეულოს გაცნობას, კერძოდ, აჭარული, სვანური, ბერძნული და სომხური კერძების დეგუსტაციას. ფაქტობრივად, ამ საღამოზე დამსწრეებმა ერთმანეთს თავიანთი კუთხის კულინარიული კულტურა გაუზიარეს.

მსგავსი საღამოები მნიშვნელოვანია სწორედ იმ კუთხით, რომ წალკაში მცხოვრები ადამიანები ერთმანეთს უკეთ გაიცნობენ და დაუახლოვდებიან, აიმაღლებენ ცნობიერებას სხვადასხვა საკითხის შესახებ.. წალკა მრავალეთნიკური მუნიციპალიტეტია და აქ სოციალური აქტივობის დონე ძალიან დაბალია. ძალიან ბევრი ბარიერი ხვდება აქაურ მოსახლეობას: თუნდაც საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები, ენის ბარიერი, არც ტელევიზია გვაქვს წალკაში და ბევრს ინტერნეტთან წვდომაც არ აქვს. შესაბამისად, სოციალური საღამოები მეტნაკლებად ამ პრობლემების მოგვარებას უწყობს ხელს, ჩვენი, წალკის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს და იმ ინფორმაციის მოპოვებას, რომელიც ხშირად აქაურებისთვის ხელმისაწვდომი არაა,” – მელანო კახაძე, წალკის სოციალური საღამოების აქტიური მონაწილე.

“სოციალური საღამოების დინამიურმა ხასიათმა, სხვადასხვა ინტერესის მქონე ადგილობრივ მოსახლეობას, ინტეგრაციის და მრავალფეროვან საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და გაცვლის ახალი შესაძლებლობები შეუქმნა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სოციალური საღამოების მიმართ ადგილობრივების ინტერესი და ჩართულობა უფრო და უფრო იმატებს. საღამოებზე განხილულმა საინტერესო საკითხებმა ახალგაზრდების დამეგობრება, საერთო და ახალი ინტერესების აღმოჩენაც კი გამოიწვია. საღამოების უშუალო და მეგობრულმა გარემომ, რამდენიმე მონაწილეს ახალი შესაძლებლობები გაუხსნა. მაგალითად, აგროტურიზმის სოციალურ საღამოზე, მოწვეულმა სტუმარმა ტურიზმის სპეციალობის კურსდამთავრებულ სტუდენტს აგრო გესთჰაუსში სტაჟირების გავლა შესთავაზა. ასევე, ქვიშით ხატვის საღამოზე, რამდენიმე მონაწილეს აღნიშნული სფეროს მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გაუჩნდა. კარიერული განვითარების საღამოზე რამდენიმე ახალგაზრდამ სამომავლო პროფესია აირჩია და საინტერესო რჩევებიც მიიღო. ეს საღამოები, თანამონაწილეობრივი დაგეგმვის გზით, ქმნის მრავალფეროვან გარემოს, სადაც თითოეული მონაწილის მოსაზრება და ინტერესი მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რომ სოციალიზაციის ეს ფორმატი უფრო ტოლერანტული, ინტეგრირებული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებას და არსებული გამოწვევების აღმოფხვრას უწყობს ხელს,” – მარი კიკვაძე, კომუნიკაციის სპეციალისტი.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, წალკის სოციალურ საღამოები ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს, მრავალმხრივი გამოცდილება მიიღოს. აქაურებს ეძლევათ შანსი, დაფიქრდნენ ამა თუ იმ თემაზე, შეიძინონ სხვადასხვა საჭირო უნარის განვითრების მოტივაცია, დაამყარონ ახალი კონტაქტები, უფრო მეტად ჩაერთონ სოციალურ აქტივობებში და ა.შ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ საღამოებში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მათ, ვისაც აქვს საინტერესო თემების შეთავაზებისა და ვორკშოპების ჩატარების სურვილი ან უნდა, რომ უბრალოდ ამ საღამოებში ჩაერთოს, გაგზავნეთ წერილი მეილზე: marie.kikvadze@cenn.org

წყარო:https://www.marketer.ge/social-evenings-in-tsalka/?fbclid=IwAR1UYfJP-UtAEU8WKbnJftVnUBpWd_rvZPK0A6iHan981Advrp1tQHMHoFo