addres icon წალკა, კლდეკარის N5
შემოგვიერთდით: youtube icon
ge en

წალკის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის მხარეში მდებარეობს, მისი ფართობი 1050.6 კმ2-ს შეადგენს. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი წალკა. 1917 წლამდე დღევანდელი წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორია თბილისის ოლქის ნაწილს წარმოადგენდა და ბორჩალოს რაიონში შედიოდა. ხოლო 1965 წლიდან ცალკე რაიონი გახდა და დღეისათვის მუნიციპალიტეტს წარმოადგენს.

წალკის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ბორჯომის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება. დასავლეთით ახალქალაქის, სამხრეთით კი ნინოწმინდისა და დმანისის მუნიციპალიტეტები, ხოლო აღმოსავლეთით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

წალკის მუნიციპალიტეტი ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულიდან მთიანეთის მშრალ კლიმატზე გარდამავალი კლიმატის არეალში მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე გავრცელებულია მაღალმთიანი სტეპები  ცივი ჰავა, მცირეთოვლიანი ზამთრითა და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით. რეგიონში ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში 600-740 მმ-ს შეადგენს. ნალექების მაქსიმალური რაოდენობა გაზაფხულამდე მოდის, ხოლო მინიმალური – ზაფხულის დასაწყისში.

წალკის ქვაბული წარმოადგენს ვულკანურ პლატოს, რომლის საზღვრები თითქმის ემთხვევა წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. წალკის ქვაბული 1500-1700 მეტრზე მდებარეობს და 398.3 კმ2 უკავია. მისი მაღლობები საძოვრებით არის დაფარული, ხოლო დაბლობი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენება. ქვაბულის ცენტრში წალკის წყალსაცავი მდებარეობს. გარდა ამისა, წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა ჭოჭიანის ლავური პლატო, რომელიც წალკის ქვაბულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს დაშბაშის კანიონისგან ჰყოფს და ძირითადად, მდინარე ხრამის ნაპირზეა განფენილი.

2019 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 19 400  ადამიანს შეადგენს, რაც საქართველოს მთელი მოსახლეობის 0.5%-ია. 53% მამაკაცია, ხოლო 47% – ქალი. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 84% სოფლად ცხოვრობს, 16% კი – ქალაქად.

მუნიციპალიტეტი ეთნიკურად მრავალფეროვანია. მოსახლეობის თითქმის ნახევარი ეთნიკურად ქართველია, მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს კი სომხები, აზერბაიჯანელები და ბერძნები შეადგენენ. აღნიშნული გარემოება წალკის მუნიციპალიტეტს ძალზე გამორჩეულ კულტურულ-სოციალურ ელფერს ანიჭებს.

წალკის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის ძლიერი მხარე აგრო ინდუსტრიაა. სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი მიმართულებებია: მეკარტოფილეობა და მარცვლეული კულტურების მოყვანა, ასევე კარგად არის განვითარებული მესაქონლეობა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოიპოვება მაღალი ხარისხის მინერალური რესურსები. წალკა-ნინოწმინდის საზღვართან არის პერლიტის, ობსიდიანის და პემზის მარაგები, სოფელ ყიზილქირისაში კი სამშენებლო ქვიშა.

წალკის მუნიციპალიტეტში შედის 30 ადმინისტრაციული ერთეული.

ქალაქი წალკა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. იგი თბილისიდან 90 კმ-ით არის დაშორებული. წალკის ქვაბულში, ზღვის დონიდან 1460 მ სიმაღლეზე მდებარე ქალაქი წარმოადგენს საკურორტო ადგილს, რომლის ძირითადი რესურსიც საშუალო მთის ჰავაა. მისი ძველი სახელია ეძანი, მოგვიანებით ბარმაქსიზი  (1932 წლამდე).