addres icon წალკა, კლდეკარის N5
შემოგვიერთდით: youtube icon
ge

5 ივნისი, 2020. წალკის მუნიციპალიტეტი – ევროკავშირის მხარდაჭერით წალკის LAG-მა, CENN-თან თანამშრომლობით, ადგილობრივი მოსალხეობის  ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით სოციალურ საღამოს უმასპინძლა, რომლის მთავარ თემას ქალი მწერლების ნაწარმოებების და ლიტერატურაში ქალი მწერლების როლის გაცნობა წარმოადგენდა.

ლიტერატურული საღამოს ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა – ლელა ცუცქირიძემ და ნინია სადღობელაშვილმა ცოცხალი წიგნების პროექტსა და ქალი მწერლების როლსა და გამოწვევებზე ისაუბრეს ლიტერატურულ ჭრილში. მოწვეულმა სტუმრებმა აუდიტორიას თავიანთი ნაწარმოებები გააცნეს და თანამედროვე ქართული პოეზიაც მიმოიხილეს.

მოწვეულმა პოეტებმა წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს ნოდარ დუმბაძის გამომცემლობის წიგნები უსახსოვრეს.

მსგავსი სოციალური საღამოების ორგანიზების მთავარ მიზანს წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალების, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაცია, ამ მიმართულებით მათი მოტივაციის დონის ამაღლება და ახალი შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს.

კორონავირუსის პანდემიის გავრცელებამ მრავალი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა, იზოლაციამ და სოციალურმა დისტანცირებამ  სოციალიზაციის, შეკრებებისა და ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პირისპირ მსჯელობის შესაძლებლობა უეცრად გააქრო ჩვენი ყოველდღიურობიდან. მიუხედავად რიგი გამოწვევებისა, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება და, უსაფრთხოების ზომების დაცვით, დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ, თუმცა მნიშვნელოვნად შეცვლილ რიტმს.

პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად ევროკავშირის მხარდაჭერით წალკის LAG, ყველა საჭირო რეკომენდაციისა და ნორმების დაცვით, გააგრძელებს მოსახლეობისათვის საინტერესო საკითხებზე სოციალური საღამოების ორგანიზებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას.

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. პროექტის საერთო ბიუჯეტი 2.4 მილიონი ევროა. ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირი უკვე ახორციელებს მსგავს პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხის, ყაზბეგის, ქედის, ხულოს, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე წელს, ევროკავშირის დაფინანსებით, სოფლის განვითარების კიდევ ოთხი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, კერძოდ წალკის, ახმეტის, წყალტუბოსა და მესტიის მუნიციპალიტეტებში.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.