addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

5-13 სექტემბერს, ბულაჩაურის მწვანე ცენტრმა ახალგაზრდა ლიდერთა და ინოვატორთა მწვანე ბანაკს უმასპინძლა. ბანაკი ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით და CENN-ის ორგანიზებით მოეწყო. მასში მონაწილეობა მიიღეს წალკის და ქედის მუნიციპალიტეტების მოსწავლეებმა, რომლებიც ღია საკონკურსო წესით იქნენ შერჩეულნი. ინტენსიური შემეცნებით-გასართობი ბანაკის მიზანი იყო ახალგაზრდებში გარემოს დაცვის, ადამიანის უფლებების, მდგრადი განვითარების და მეცნიერების შესახებ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ახალი შესაძლებლობების შექმნა მომავალ ლიდერთათვის.

CENN-ის გარემოსდაცვითი სფეროს სპეციალისტებმა ახალგაზრდებს ჩაუტარეს თავისუფალი გაკვეთილები მდგრადი განვითარების მიზნებზე, კლიმატის ცვლილების გლობალურ გამოწვევებზე, ტყის რესურსების მდგრადი მართვის, ნარჩენების თანამედროვე მართვის, ტექნოლოგიებისა და ცირკულარული ეკონომიკის, წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის, ბუნებრივი კატასტროფებისა და მათი მიტიგაციის თემებზე. მონაწილეებს ჩაუტარდათ სამუშაო შეხვედრები ადამიანის უფლებებზე, აქტიურ მოქალაქეობაზე, ეფექტური პრეზენტაციის სტრუქტურასა და საჯარო საუბრის ტექნიკებზე. ასევე, ბანაკის მონაწილეები გაეცნენ რეგიონის განვითარების ევროპულ LEADER მიდგომას და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების საქმიანობას საქართველოში.

მწვანე ბანაკის მონაწილეებს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის წევრები ეწვივნენ, თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და ესაუბრეს გარემოს დაცვის, ტექნოლოგიების განათლებისა და კარიერული წინსვლის შესახებ. შეხვედრისას ასოციაციის წევრმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მეუღლემ, მეტე ჰარცელმა ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ელჩის მიერ გამოგზავნილი წერილი წაუკითხა.

ბანაკის ფარგლებში, მოსწავლეები ეწვივნენ “კავკასუს ორგანიკ ფრუტს“-ის ჩირის საწარმოს სადაც კომპანიის წარმომადგენლებმა გააცნეს ჩირის წარმოების ტექნოლოგიები და ეტაპები. სასწავლო ვიზიტი გაგრძელდა კომპანია GWP-ის საფილტრო სადგურში, სადაც კომპანიის მთავარმა ტექნოლოგებმა დაათვალიერებინეს წყლის გამწმენდი ნაგებობა და მოსწავლეებს სუფთა წყლის მიღების სრულ ციკლზე ესაუბრნენ. სასწავლო ვიზიტის დასკვნით ნაწილში მოსწავლეები ეწვივნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს, სადაც ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა მოსწავლეებს ინტერაქციულ რეჟიმში გარემოს დაცვისა და ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესებისა და ვადების შესახებ ესაუბრა.

ბანაკის მონაწილეები გაეცნენ ველურ ბუნებაში ქცევის წესებს აღნიშნული ცოდნის პრატიკაში გამოყენების შესაძლებლობა კი მიეცათ საბადურის ტყეში და ივრის ხეობაში საველე გასვლისას. გამოცდილ გიდებთან და ბანაკის ლიდერებთან ერთად, მონაწილეები დააკვირდნენ ხეობაში არსებულ ბუნებრივ რესურსებს, ფლორასა და ფაუნას.

მწვანე ბანაკის მონაწილეებს ForSet-ის წარმომადგენელმა ჩაუტარა სესია მონაცემთა ფერად ვიზუალიზაციაზე. ასევე, ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის წარმომადგენელმა მოსწავლეებს გაუზიარა ინფორმაცია საერთაშორისო, კულტურულ-საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების შესახებ.

ბანაკის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები მწვანე ბანაკის კურსდამთავრებულები გახდებიან და მომავალში მონაწილეობას მიიღებენ CENN-ის ახალგაზრდულ გარემოსდაცვით ინიციატივებში.

ბანაკის ორგანიზება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტების – „ეს წალკაა“ და „ქედა ლიდერი“. ქედისა და წალკის მუნიციპალიტეტში პროექტს ახორციელებს CENN სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge