„ეს წალკაა“ - ევროკავშირი და CENN წალკის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ახალ პროექტს იწყებენ
21.მარტი.201919 მარტს, ევროკავშირმა, პარტნიორ ორგანიზაცია CENN-თან ერთად, წალკის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ახალი პროექტი ოფიციალურად წარადგინა. პროექტის მიზანია ცოდნაზე, ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ბიზნესკავშირების დამყარებითა და სამუშაო ადგილების შექმნის გზით, საოჯახო მეურნეობების გაძლიერება, მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა, ქალებისა და ახალგაზრდების დასაქმება და მუნიციპალიტეტის სხვა ადგილობრივი ჯგუფების მხარდაჭერა.
წალკაში შეხვედრა ოფიციალურად გახსნეს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის უფროსმა ვინსენტ რეიმ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა, CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ და წალკის მერმა ილია საბაძემ. გამომსვლელებმა აღნიშნეს სოფლის განვითარების ევროპული მოდელის საქართველოში დანერგვის მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის.
„სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარება ევროკავშირის და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მოხარული ვარ, რომ დღეს, წალკაში, სოფლის განვითარების ახალ პროექტს ვიწყებთ. აღნიშნულ მუნიციპალიტეტს ბევრ გამოწვევასთან ერთად დიდი პოტენციალიც გააჩნია. მოუთმენლად ველით ვნახოთ, რის მიღწევას შევძლებთ, იქნება ეს სოფლის მეურნეობის, ბიო პროდუქციის, ტურიზმისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მიმართულებებით. გვჯერა, რომ მუნიციპალიტეტის განვითარება შესაძლებელია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ამიტომაც, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობასა და ჩვენს პარტნიორებთან CENN-თან, GFA-ისა და IFLS-თან ერთად, ჩვენ წალკის უკეთესი მომავლისთვის ვიმუშავებთ“ – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა, ვინსენტ რეიმ.
„სოფლის განვითარება საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს მიმართულება მთავრობის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მხრივ ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ევროკავშირთან, რომელიც სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის, პროგრამა ENPARD–ით უკვე წლებია გვეხმარება. ევროკავშირის მხარდაჭერით სოფლის განვითარების პროექტები საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში წარმატებით მიმდინარეობს. წელს, ENPARD–ის მესამე ფაზის ფარგლებში, ახალი პროექტები კიდევ ოთხ მუნიციპალიტეტში დაიწყება. მათ შორისაა წალკა. პროექტები მიზანია მუნიციპალიტეტის განვითარებას ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით და თანამონაწილეობით. ადგილობრივი საჭიროებები, რომელიც მოსახლეობის მიერ იდენტიფიცირებული და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი იქნება, შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებით კიდევ უფრო გამყარდება“ – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.
ჩვენი მიზანია წალკის მუნიციპალიტეტში სიღარიბის დონის შემცირება და მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, მუნიციპალიტეტში არსებული ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრა სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის გაზრდით, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვითა და კლიმატისადმი მედეგი სოფლის ეკონომიკის მხარდაჭერით. ვამაყობთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, უკვე წალკაშიც გაგაცნობთ სოფლის განვითარების ევროპულ მიდგომას „ლიდერი“ – აღნიშნა თავის გამოსვლაში CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ.
შეხვედრის ფარგლებში, თავიანთ გამოცდილებაზე ისაუბრეს ENPARD-ის პარტნიორებმა საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებიდან. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თემის, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობისა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები.
პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. პროექტის საერთო ბიუჯეტია 2.4 მილიონი ევროა. ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირი უკვე ახორციელებს მსგავს პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხის, ყაზბეგის, ქედის, ხულოს, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე წელს, ევროკავშირის დაფინანსებით, სოფლის განვითარების კიდევ ოთხი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყება, კერძოდ წალკის, ახმეტის, წყალტუბოსა და მესტიის მუნიციპალიტეტებში.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.