ჩვენი გუნდი
დიანა წულუკიძე პროფესიით მასწავლებელია. 2007-11 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამავე უნივერსიტეტში მოიპოვა მაგისტრის ხარისხი განათლების ადმინისტრირების სპეციალობით. დიანა სწავლის პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა კერძო სკოლებში. 2011 წლიდან კი არის მიწვეული მასწავლებელი. ამჟამად იგი მუშაობს წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალშენის საჯარო სკოლაში და ამავდროულად არის ევროკავშირის მხარდაჭერილი წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მმართველი საბჭოს თავმჯდომარე.
ენდო სტეპანიანმა დაამთავრა აიაზმის საჯარო სკოლა. 20 წლის ასაკში ერთი ტომარა კარტოფილით წამოიწყო ბიზნესი. ენდო დღეს უკვე ერთ-ერთი წარმატებული მეურნეა, რომელსაც თავის საკუთრებაში არსებულ რამდენიმე ჰექტარ მიწაზე მოჰყავს კარტოფილი. ენდო გეგმავს, რომ წალკის კარტოფილი და მარცვლეული უფრო ცნობილი გახადოს. იცის აგრონომია და ცდილობს, თავისი ცოდნა პრაქტიკაში მაქსიმალურად გამოიყენოს; საუბრობს ოთხ ენაზე. ესენია: ქართული, რუსული, სომხური და აზრბაიჯანული. ენდო არის წალკის LAG-ის საბჭოს თანათავმჯდომარე. წარმოადგენს ბიზნესის სექტორსა და სომხურ ეთნოსს. უყვარს მიწასთან მუშაობა და სიამოვნებს, როცა სხვებს ეხმარება.
ნინომ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი. ამჟამად არის წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის დირექტორი. ნინო არის სერთიფიცირებული დირექტორი და ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი. მას განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი სკოლაში სხვადასხვა მიმართულებით. ნინო არის წალკის LAG-ის წევრი და აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო სექტორში. მისი მიზანია, დაეხმაროს წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესებაში, სკოლისა და თემის საზოგადოებას, სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაში თანამონაწილეობრივი დაგეგმარების გზით.
მარინე პროფესიით ექიმია. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი და მუშაობდა პედიატრად ქალაქ ოზურგეთში. 1997 წლიდან ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა წალკაში და მუშაობა დაიწყო ახლადგახსნილ წალკის პირველ ქართულ სკოლაში ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგად. ამჟამად არის წამყვანი მასწავლებელი და ამავე სკოლის დირექტორი.
მილენა არის აბიტურიენტი. 2019 წლიდან LAG-ის მმართველი საბჭოს წევრია და მოქმედი სექტორის - “გარემოს დაცვა” და “ეთნიკური უმცირესობები-ბერძნები” კოორდინატორი. 2017 წლიდან აქტიურადაა ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში, როგორებიცაა: “CENN”, “საქართველოს მოხალისე”, “Helping Hands”, “Youth Bank”, “Glow”, “Novatio” და “მოძრაობა - აქტიური მოქალაქე”. არის ქვემო ქართლის “საუკეთესო მოხალისე” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დადგენილებით. მილენა ფლობს 5 უცხო ენას: რუსულს, ინგლისურს, თურქულს, აზერბაიჯანულსა და ბერძნულს.
თამარმა 2010 წელს დაამთავრა წალკის N1 საჯარო სკოლა, ხოლო 2014 წელს - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კვების პროდუქტების ტექნოლოგიის ფაკულტეტი, სადაც მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხის წოდება. 2015 წლიდან დღემდე მუშაობს წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში, ამჟამად არის წალკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საქმიანობებისა, თამარი არის წალკის LAG -ის მმართველი საბჭოს წევრი.
გურამ ჯაყელი 1986-1990 წლებში სწავლობდა ბათუმის მწვანე კონცხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკურ სასწავლებელში. სწავლის დასრულების შემდეგ მიენიჭა ბუღალტრის კომპეტენცია. 1992-2008 წლებში მუშაობდა ხულოს რაიონის სოფელ აგარის საკრებულოში, სხვადასხვა პოზიციაზე. 2008 წლიდან დღემდე ეწევა კერძო ბიზნესსაქმიანობას. პარალელურად მუშაობს წალკის მუნიციპალიტეტში კრედობანკის კონსულტანტად. 2014 წლიდან ხელმძღვანელობს სამეურნეო კოოპერატივს „ქცია 2014“. ამჟამად არის წალკის LAG-ის მმართველი საბჭოს წევრი.
ირა პროფესიით არის მასწავლებელი, ასწავლის ინგლისურ და ქართულ ენებს სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში. ასევე, მუშაობს სოციალურ საწარმო „გუმბათიში“. არის მასწავლებელი და პროექტების ხელმძღვანელი. 2013 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ძირითადი სპეციალობა - აღმოსავლეთმცოდნეობა, დამატებითი - ქართული ფილოლოგია. 2019 წელს ჩააბარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ადმინისტრირების მიმართულებით და აგრძელებს სწავლას მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. უყვარს ბუნება და აინტერესებს ადამიანი.