addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

27 აპრილი, 2020. წალკის მუნიციპალიტეტი – ევროკავშირის მიერ  წალკის მუნიციპალიტეტში  სამი ინიციატივა დაფინანსდა, რომლებიც  კოვიდ-19 პანდემიის გავრცელებით გამოწვეულ ჯანმრთელობისა და განთლების პრობლემებზე ეფექტურ რეაგირებას მოახდენს. ინიციატივები წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ გამოცხადებული სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსის “ახალი გამოწვევები, ახალი შესაძლებლობები” ფარგლებში შემოსულ 17 განაცხადს შორის შეირჩა.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში შერჩეული ერთ-ერთი ინიციატივა მიზნად ისახავს ახალი კორონავივირუსის გავრცელებით გამოწვეული კრიზისის ეფექტური მართვის ხელშეწყობას წალკის მუნიციპალიტეტში. პროექტი უზრუნველყოფს სამედიცინო პერსონალისა და  ჯანდაცვის სპეციალისტების გადამზადებას და საჭირო სამედიცინო ინვენტარით აღჭურვას. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ვირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად აუცილებელი უნარების განვითარებას. 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი ინიციატივა უზრუნველყოფს წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის განათლებისა და ინფორმაციის თანაბარ და დროულ ხელმისაწვდომობას. პროექტი სკოლის მოსწავლეებს შესთავაზებს არაფორმალური განათლების ონლაინ  სასწავლო კურსებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ მოსწავლეებს გადაცემს სმარტფონებს  და გაზრდის ინტერნეტსა და ტელევიზიაზე ხელმისაწვდომობას ონლაინ საგანმანათლებლო აქტივობებში მათი ჩართულობის ხელშესაწყობად. 

ევროკავშირის დაფინანსება მოიპოვა ადგილობრივი განვითარების კიდევ ერთმა ინიციატივამ, რომელიც მიზნად ისახავს პანდემიისას იზოლაციაში ყოფნით გამოწვეული ფსიქოლოგიური და ემოციური პრობლემების შემცირებას. ინიციატივა გათვლილია წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე და მიზნად ისახავს იზოლაციის პირობებში, ონლაინ საგანმანათლებლო აქტივობებში მათ ჩართულობას. 

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი COVID-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი გამოცხადდა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში. პროექტს  სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. 

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.