წალკის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეიქმნა
14.სექტემბერი.201911 სექტემბერი 2019, წალკა – ევროკავშირის მხარდაჭერით და ENPARD-ის წალკის პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების – CENN-ის, GFA-ისა და Ifls-ის მიერ რვათვიანი აქტიური მუშაობის შედეგად, წალკის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) შეიქმნა.
2019 წლის 6 სექტემბერს, წალკაში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრების არჩევნები გაიმართა. წალკის LAG-ში გაწევრიანებულია 168 ადამიანი, მათგან 32% ქალია. რაც შეეხება სექტორებს, პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად არის განაწილებული: საჯარო სექტორი 22%, სამოქალაქო სექტორი 45%, ხოლო კერძო კი 33%. ადგილობრივი განვითარების ჯგუფში წარმოდგენილია წალკის მუნიციპალიტეტის 42 სოფლის და ქ. წალკის წარმომადგენელი.
მმართველი საბჭოს წევრობაზე კანდიდატურა წარადგინა 27-მა კანდიდატმა. წარდგენილი კანდიდატებიდან მმართველი საბჭოს 12 წევრის არჩევა მოხდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრების მიერ ფარული კენჭისყრის პრინციპით. არჩეული წევრებიდან: 50% არის ქალი, 50% კაცი, 25% ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი და 41,6% ახალგაზრდა.
არჩევნების დღის ბოლოს, არჩევნების შედეგები გამოვლენილ იქნა დამთვლელი კომისიის მიერ, რომელიც შედგებოდა 5 წევრისგან (CENN, GFA და კანდიდატები). არჩევნების სამართლიან და თანასწორ პირობებში ჩატარებას აკვირდებოდა LAG-ის 3 წევრი.
არჩევნებს წინ უძღოდა წინასაარჩევნო კამპანია, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მმართველი საბჭოს წევრობის მსურველი კანდიდატების მიერ ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებისთვის საკუთარი პროგრამის წარდგენა და ასევე საარჩევნო პროცედურების გაცნობა.
პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. პროექტის საერთო ბიუჯეტი 2.4 მილიონი ევროა. ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირი უკვე ახორციელებს მსგავს პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხის, ყაზბეგის, ქედის, ხულოს, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე წელს, ევროკავშირის დაფინანსებით, სოფლის განვითარების კიდევ ოთხი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, კერძოდ წალკის, ახმეტის, წყალტუბოსა და მესტიის მუნიციპალიტეტებში.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge