addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

21 აპრილი, 2020. წალკის მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლი – ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ეს წალკაა” ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ გამოცხადებული Covid-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსის: „ახალი გამოწვევები – ახალი შესაძლებლობები“ შედეგები ცნობილია. 

საგრანტო კონკურსის ფარგლებში სულ შემოვიდა 17 განაცხადი. განაცხადების ფინანსურ-ადმინისტრაციული შემოწმების, შეფასებისა და შერჩევის შედეგად, გამოვლინდა 3 გამარჯვებული პროექტი.

შერჩეული 3 პროექტი ითვალისწინებს წალკის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ჯანდაცვისა და განათლების პრობლემებზე ეფექტიან რეაგირებას. 

საგრანტო კონკურსის ფარგლებში შერჩეული პროექტებია: 

  • COVID-19 ეფექტიანი მართვის ხელშეწყობა წალკის მუნიციპალიტეტში – პროექტი ხელს შეუწყოს  მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შედეგად გამოწვეული კრიზისის ეფექტიან მართვას, როგორც სამედიცინო პერსონალისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების გადამზადებით და აღჭურვით, ისე მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებითა და საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების გზით.
  • ერთნაირი შესაძლებლობა ქვეყნის ყველა მოქალაქეს განათლებისა და ინფორმაციის მისაღებად – პროექტი მიზნად ისახავს განათლებასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას გაზრდას, ონლაინ სწავლების განვითარებას და სამიზნე ჯგუფების საჭირო ტექნიკით აღჭურვას.
  • წიგნიერი მეყვავილე – პროექტის მიზანია, წალკის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში, კორონავირუსის პანდემიის გავრცელებით, იზოლაციაში ყოფნისას მოსწავლეების ფსიქოლოგიური და ემოციური პრობლემების შემცირება და  ონლაინ-საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვის ხელშეწყობა.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი Covid-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი – „ახალი გამოწვევები, ახალი შესაძლებლობები“ მიზნად ისახავდა პანდემიის გავრცელების შედეგად შექმნილ კრიზისზე სწრაფი რეაგირების მოხდენას წალკის მუნიციპალიტეტში.

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. 

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.