წალკის შესახებ
27 ნოემბერიწალკის მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლში მდებარეობს, მისი ფართობი 1050.6 კმ2-ს შეადგენს. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი წალკა. 1917 წლამდე დღევანდელი წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორია თბილისის ოლქის ნაწილს წარმოადგენდა და ბორჩალოს რაიონში შედიოდა, ხოლო 1965 წლიდან ცალკე რაიონი გახდა და დღეისათვის მუნიციპალიტეტს წარმოადგენს.
ცნობილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ნიკო კეცხოველი წიგნში „კიდევაც დაიზრდებიან…“ წერს, რომ „დღეს „წალკად“ მოიხსენიებენ მთელ ზეგანს, ისტორიულად კი წალკა ერთი სოფელი ყოფილა. ვახუშტის თანახმად – „მდინარე მოერთვის ჩრდილოდამ, საბატეს, ქციას. მას ზეით ქციის კიდეზე არს ეკლესია გუმბათიანი წალკას და წალკას ზის ეპისკოპოსი თრიალეთისაო“. საიდანაც წალკა სოფელი ჩანს, თვითონ ზეგანი თრიალეთია“.
წალკის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ბორჯომის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება. დასავლეთით – ახალქალაქის, სამხრეთით კი – ნინოწმინდისა და – დმანისის მუნიციპალიტეტები, ხოლო აღმოსავლეთით თეთრიწყაროს -მუნიციპალიტეტი.
წალკის მუნიციპალიტეტი ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულიდან მთიანეთის მშრალ კლიმატზე გარდამავალი კლიმატის არეალში მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე გავრცელებულია მაღალმთიანი სტეპების ცივი ჰავა, მცირეთოვლიანი ზამთრითა და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით. რეგიონში ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში 600-740 მმ-ს შეადგენს. ნალექების მაქსიმალური რაოდენობა გაზაფხულზე მოდის, ხოლო მინიმალური – ზაფხულის დასაწყისში.
წალკის ქვაბული წარმოადგენს ვულკანურ პლატოს, რომლის საზღვრები თითქმის ემთხვევა წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. წალკის ქვაბული ზღვის დონიდან 1500-1700 მეტრზე მდებარეობს და 398.3 კმ2 უკავია. მისი მაღლობები საძოვრებით არის დაფარული, ხოლო დაბლობი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენება. ქვაბულის ცენტრში წალკის წყალსაცავი მდებარეობს. გარდა ამისა, წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა ჭოჭიანის ლავური პლატო, რომელიც წალკის ქვაბულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს დაშბაშის კანიონისგან ყოფს და, ძირითადად, მდინარე ხრამის მარჯვენა ნაპირზეა განფენილი.
ნიკო კეცხოველი თავის წიგნში „ცხრათვალა მზის ქვეშ“ წალკის რელიეფის განვითარების შესახებ წერს: „ისეთი ვულკანები, როგორებიც იყო აწ ჩამქრალი თავკვეთილი და გოდორები, აბული და სამსარი, შამბიანი და ემლიკლი, ამ პლატოებს ლავას არ აკლებდნენ. მათ ამოავსეს ღრმა ხევები, შექმნეს უზარმაზარი ზეგნები, რომელიც ერთმანეთისაგან დაცილებული არიან აბულსამსარისა და კეჩუთის (ჯავახეთის) ქედებით. შემდეგ ეს ზეგნები მდინარეებმა დახრამა და გაჩნდა ალგეთის, ქციის, ჭივჭივას, მაშავერას, ფოლადაურის და სხვა მდინარეთა ხრამები“.
წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი მდინარეა ქცია (ხრამი), სიდიდით მეორე მდინარე ჭოჭიანია. ის სათავეს აღმოსავლეთით, ჯავახეთის ქედიდან იღებს. წალკაში მდებარეობს საქართველოს ფართობით უდიდესი წალკის (ხრამის) წყალსაცავი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულია ტბები: ბარეთი, ხადიკი, ლელიანი და სხვ.
2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, წალკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 18 849 ადამიანს შეადგენს, რაც საქართველოს მთელი მოსახლეობის დაახლოებით 0,5%-ია. 53% მამაკაცია, ხოლო 47% – ქალი. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 84% სოფლად ცხოვრობს, 16% კი – ქალაქად.
მუნიციპალიტეტი ეთნიკურად მრავალფეროვანია. მოსახლეობის თითქმის ნახევარი ეთნიკური ქართველია, მოსახლეობის დანარჩენილ ნაწილს კი სომხები, აზერბაიჯანელები და ბერძნები შეადგენენ. აღნიშნული გარემოება წალკის მუნიციპალიტეტს ძალზე გამორჩეულ კულტურულ-სოციალურ ელფერს ანიჭებს.
წალკაში არის ერთი საავადმყოფო, აგრეთვე ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების ცენტრები სოფელ კუშჩაში, კოხტაში, ბეშთაშენსა და ავრანლოში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის სპორტული მოედნები, ბიბლიოთეკა და კულტურის სახლი.
წალკის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის ძლიერი მხარე აგროინდუსტრიაა. სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი მიმართულებებია: მეკარტოფილეობა და მარცვლეული კულტურების მოყვანა, ასევე კარგად არის განვითარებული მესაქონლეობა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოიპოვება მაღალი ხარისხის მინერალური რესურსები. წალკა-ნინოწმინდის საზღვართან არის პერლიტის, ობსიდიანისა და პემზის მარაგები, სოფელ ყიზილქილისაში კი – სამშენებლო ქვიშა.
ქალაქი წალკა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტირა. იგი თბილისიდან 90 კმ-ით არის დაშორებული. წალკის ქვაბულში, ზღვის დონიდან 1460 მ სიმაღლეზე, მდებარე ქალაქი წარმოადგენს საკურორტო ადგილს, რომლის ძირითადი რესურსიც საშუალო მთის ჰავაა. მისი ძველი სახელია ეძანი, მოგვიანებით – ბარმაქსიზი (1932 წლამდე).