addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

6 მაისი, 2020. წალკის მუნიციპალიტეტი – ევროკავშირის მხარდაჭერით წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) აგრძელებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან ბრძოლას და ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერით, ხელს უწყობს ახალი შესაძლებლობების შექმნას წალკის მუნიციპალიტეტში.

ევროკავშირის მხარდაჭერილი, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ გამოცხადებული #Covid19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტი „წიგნიერი მეყვავილე,“  პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის მიზნით, იწყებს პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებას წალკის მუნიციპალიტეტში.

პროექტში წალკის მუნიციპალიტეტის 7 სოფლიდან, (აქედან 2 სომხურენოვანი სოფელი) უკვე ჩაერთო 116 მოსწავლე. მონაწილეები თავიანთი ინტერესების შესაბამისად გაწევრიანდნენ შემდეგ სასწავლო ჯგუფებში: წიგნიერება, მეყვავილეობა, ვიდეორგოლის შექმნა და ხელნაკეთი ნივთების დამზადება.

ჯგუფებში გაწევრიანებული მოსწავლეები, კოორდინატორებისა და ტრენერების დახმარებით შეისწავლიან ონლაინ სასწავლო პლატფორმების გამოყენებას და 10 მაისიდან აქტიურად გააგრძელებენ კურსის ფარგლებში დაგეგმილი სასწავლო აქტივობების განხორციელებას.

პროექტი „წიგნიერი მეყვავილე“ ინიცირებულია სოციალური საწარმო გუმბათის მიერ და მიზნად ისახავს პანდემიისას იზოლაციაში ყოფნით გამოწვეული ფსიქოლოგიური და ემოციური პრობლემების შემცირებას. ინიციატივა გათვლილია წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე და მიზნად ისახავს იზოლაციის პირობებში, ონლაინ საგანმანათლებლო აქტივობებში მათ ჩართულობას.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი COVID-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი „ახალი გამოწვევები – ახალი შესაძლებლობები“ გამოცხადდა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში. პროექტს  სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.