addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

27 მაისი, 2020. წალკის მუნიციპალიტეტი – COVID-19 ვირუსის გავრცელებით გამოწვეული კრიზისის დაძლევის მიზნით, ორგანიზაციებმა, გაერთიანებებმა, მოხალისეებმა თუ მოქალაქეებმა სხვადასხვა მექანიზმები შეიმუშავეს, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და რიგ შემთხვევებში არსებული გამოწვევები ახალ შესაძლებლობადაც კი აქციეს. ერთ-ერთი ასეთი გაერთიანება, ევროკავშირის მხარდაჭერილი წალკის LAG იყო, რომლის ინიციატივამ ადგილობრივი მოსახლეობა ერთი მიზნისა და სხვადასხვა აქტივობების ირგვლივ გააერთიანა და ახალი გამოწვევები ახალ შესაძლებლობებად აქცია.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის მიერ ინიცირებული  პროექტის განხორციელებამ უზრუნველყო წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფებისათვის ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა. მრავალი აქტივობის პარალელურად, არაქართულენოვან ოჯახებში მცხოვრები ბავშვებისათვის ტელესკოლაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით  ოჯახებს სატელიტური ანტენები გადაეცათ. ამასთანავე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას ვირუსისგან თავის დაცვის მექანიზმებზე სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, პროექტის ორგანიზატორებმა 10-მდე სოფელი შემოიარეს და ხმის გამაძლიერებლების მეშვეობით მოსახლეობას ვირუსისგან თავის დაცვის რეკომენდაციები გაუზიარეს.

COVID-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი „ახალი გამოწვევები – ახალი შესაძლებლობები“ გამოცხადდა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში. პროექტს  სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.