addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 25 ივლისიდან 16 სექტემბრის ჩათვლით CENN-ის მწვანე ბანაკმა რიგით მე-9, ბოლო რაუნდს უმასპინძლა ბულაჩაურის მწვანე ცენტრში. ზაფხულის განმავლობაში CENN-ის მწვანე ბანაკში სულ 120-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 60 ახალგაზრდა წალკის მუნიციპალიტეტიდან, 20 ქედის მუნიციპალიტეტიდან და 40 საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან იყო წარმოდგენილი.

ინტენსიური საგანმანათლებლო მოდულის ფარგლებში ახალგაზრდები მონაწილეობას იღებდნენ საინტერესო, სახალისო და საგანმანათლებლო პროგრამებში, რომელიც გარემოსდაცვით თემებზე თეორიული და პრაქტიკული სემინარებით იყო დატვირთული.  ახლად მიღებული გარემოსდაცვითი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, ბანაკის მონაწილეებს ჰქონდათ საველე გასვლები თრუსოს ხეობასა და ჯუთაში, სადაც ისინი აკვირდებოდნენ ხეობაში არსებულ ბუნებრივ რესურსებს.

სხვადასხვა დარგის ექსპერტებმა მონაწილეებს ჩაუტარეს ტრენინგები მდგრადი განვითარების მიზნებზე, კლიმატის ცვლილების გლობალურ გამოწვევებზე, ტყის რესურსების მდგრადი მართვის, ნარჩენების თანამედროვე მართვის და წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის (WaSH) თემებზე. გარემოსდაცვითი მოდულების გარდა, მონაწილეებს ჩაუტარდათ სამუშაო შეხვედრები დემოკრატიის, მოქალაქეობის, ადვოკატირების, ციფრული კომუნიკაციების და ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ. გარდა ამისა, ბანაკის მონაწილეები გაეცნენ რეგიონის განვითარების ევროპულ  LEADER მიდგომას და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAGs) საქმიანობას საქართველოში.

CENN-ის მწვანე ბანაკის ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უკვე წლებია ტარდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა თემებზე და ახალი შესაძლებლობების შექმნას მომავალი ლიდერებისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით.

მწვანე ბანაკის ჩატარება შესაძლებელი გახდა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის პროექტის – ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის და ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი „ეს წალკაა“ და “ქედა ლიდერი“ პროექტების ფინანსური მხარდაჭერით.

მოხარულები ვართ, მივესალმოთ CENN-ის მწვანე ბანაკების 2020 წლის მონაწილეებს, რომლებიც შეუერთდებიან მწვანე ბანაკის კურსდამთავრებულთა ქსელს და მომავალში მონაწილეობას მიიღებენ CENN-ის ახალგაზრდულ გარემოსდაცვით ინიციატივებში.

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.