ახალშენის საჯარო სკოლა
09.თებერვალი.2022ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ‘ეს წალკაა’ ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად CENN-მა გამოაცხადა საგრანტო კონკურსი წალკის სკოლებისათვის. კონკურსის მიზანს წარმოადგენდა გარემოსდაცვითი დღეების პოპულარიზაცია და აღნიშვნა, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა და ზოგადად, ახალგაზრდების გააქტიურება.
აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებულთა შორის ერთ-ერთი არის ახალშენის საჯარო სკოლა.
სკოლამ განსაკუთრებული აქცენტი საგანმანათლებლო აქტივობებზე გააკეთა. დედამიწის დღესთან დაკავშირებით ახალშენის სკოლამ მოაწყო ღია კარის დღეები სახელწოდებით „დედამიწის დღე“. კვირის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ დასწრებოდნენ პრეზენტაციებს დედამიწის შესახებ, მოეწყოთ დისკუსიები. ასევე, ბავშვებს ჩაუტარდათ მასტერკლასი მცენარეთა მყნობისა და გამრავლების შესახებ. დასკვნით ღონისძიებაზე კი სკოლის ეზოში ნაკვეთები კლასების მიხედვით დანაწილდა, დაირგო ყვავილები და თითოეულ ნაკვეთს მიეჩინა პასუხისმგებელი პირი. სკოლამ ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს სტუმრად მოიწვია მეგობარი სკოლების თანატოლები, მათ ერთმანეთს გაუზიარეს რჩევები და ისტორიები, რაც მოსწავლეთა სოციალიზაციის ერთ-ერთ გამორჩეულ პრაქტიკად შეგვიძლია მივიჩნიოთ. დამატებით, სკოლამ ჩაატარა ონლაინ შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც წარმატებულმა ქალებმა ისაუბრეს სოფლად ცხოვრების სირთულეებსა და წარმატების მიღწევის გზებზე.
პროექტის ფარგლებში იგეგმება 5 გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა.
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი მოიცავს 3,990 ლარს.