გუმბათის საჯარო სკოლა
09.თებერვალი.2022ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ‘ეს წალკაა’ ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად CENN-მა გამოაცხადა საგრანტო კონკურსი წალკის სკოლებისათვის. კონკურსის მიზანს წარმოადგენდა გარემოსდაცვითი დღეების პოპულარიზაცია და აღნიშვნა, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა და ზოგადად, ახალგაზრდების გააქტიურება.
აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებულთა შორის ერთ-ერთი არის გუმბათის საჯარო სკოლა.
კონკურსის მსვლელობისას გუმბათის სკოლის მოსწავლეებმა აქტივობები მეგობარ სკოლებთან ერთად განახორციელეს. ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს ისინი ესტუმრნენ აშკალის საჯარო სკოლას, გააცნეს მათი საქმიანობები, გაუზიარეს სამომავლო გეგმები და განიხილეს ერთობლივად განსახორციელებელი საქმიანობები. სკოლამ მიზნად დაისახა აქტივობებში ჩაერთო აშკალის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთა დიდი ნაწილი ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს. სკოლას ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების მოწყობაში, გამწვანებაში, დასუფთავებასა და მრავალი სხვა მიზნის შესრულებაში განსაკუთრებულად დაეხმარა ეკოკლუბის არსებობა. უნდა ითქვას, რომ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში დაფუძნებული ეკოკლუბები მრავალ გარემოსდაცვით და სოციალურ აქტივობას ახორციელებენ. თავად მოსწავლეებიც აღნიშნავენ, რომ CENN-ის ეს ინიციატივა მეტია ვიდრე ეკოკლუბების კონკურსი. ეს პიროვნული ზრდისა და საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანებული ახალგაზრდების დიდი გუნდია, რომელიც კრეატიული გზებით ცდილობს ეკოლოგიურ პრობლემებს ებრძოლოს.
პროექტის ფარგლებში იგეგმება 4 გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა.
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი მოიცავს 3,985 ლარს.