დაშბაშის საჯარო სკოლა
09.თებერვალი.2022ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ‘ეს წალკაა’ ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად CENN-მა გამოაცხადა საგრანტო კონკურსი წალკის სკოლებისათვის. კონკურსის მიზანს წარმოადგენდა გარემოსდაცვითი დღეების პოპულარიზაცია და აღნიშვნა, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა და ზოგადად, ახალგაზრდების გააქტიურება.
აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებულთა შორის ერთ-ერთი არის დაშბაშის საჯარო სკოლა.
დაშბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის მსვლელობისას წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ქ. წალკის სკვერი გაამწვანეს. ყვავილების დარგვის შემდეგ კი სკვერში გართობის მიზნით სკეიტბორდებით ისრიალეს. დაშბაშის სკოლის მოსწავლეებისთვის ეს სოციალიზაციის ერთადერთი გზა არ ყოფილა. სკოლამ ასევე მოაწყო ლაშქრობა ტყის, ფრინველებისა და პეიზაჟის ფოტოკონკურსისთვის. ბუნებაში გადაღებული ფოტოები მოგვიანებით სკოლაში კედელზე გამოიფინა. მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა სკოლისა და დაშბაშის კანიონის მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს, გარდა ამისა მოამზადეს ბუკლეტები და ვიდეორგოლები, რომლებიც ძირითადად ბუნებასა და გარემოს ეხებოდა.
პროექტის ფარგლებში იგეგმება 2 გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა.
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი მოიცავს 3,610 ლარს.