addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

26 ივნისი, 2020 წელი. წალკის მუნიციპალიტეტი – წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ოფისმა, სოციალური საღამოს ფარგლებში,  აგროტურიზმის სფეროში დასაქმებულ წარმატებულ ქალ მეწარმეს, საოჯახო აგრო სასტუმრო „კორენა“-ს მეპატრონეს, მაია კეზევაძეს უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, აგროტურიზმით დაინტერესებულ აუდიტორიას, სპიკერმა საკუთარი გამოცდილება და აღნიშნულ სფეროში წარმატების ისტორია გაუზიარა.

მაიამ ყურადღება გაამახვილა წალკის მუნიციპალიტეტში აგროტურიზმის განვითარებისათვის არსებულ რესურსებზე, რომლის გამოყენება ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია აგროტურიზმის სფეროში ბიზნესის დასაწყებად.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრე აუდიტორიამ თავინთი ინტერესების შესაბამისად ამომწურავად მიიღო პასუხი დასმულ შეკითხვებზე.

შეხვედრის ბოლოს მაია კეზევაძემ  ტურიზმის სპეციალობის კურსდამთავრებულ სტუდენტს შესთავაზა ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ სტაჟირება მის აგრო გესთჰაუსში.

წალკის მუნიციპალიტეტში ყოველკვირეული სოციალური საღამოები ხორციელდება ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. პროექტის საერთო ბიუჯეტი 2.4 მილიონი ევროა. ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირი უკვე ახორციელებს მსგავს პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხის, ყაზბეგის, ქედის, ხულოს, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე წელს, ევროკავშირის დაფინანსებით, სოფლის განვითარების კიდევ ოთხი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, კერძოდ წალკის, ახმეტის, წყალტუბოსა და მესტიის მუნიციპალიტეტებში.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge