ადვოკატირების წარმატებული პრაქტიკა - საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებული სამოქალაქო საზოგადოება წალკის მუნიციპალიტეტში
28.სექტემბერი.2022უკვე მესამე წელია, რაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა „ეს წალკაა“ თემზე დაფუძნებულ სოფლის განვითარების, სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების და ახალგაზრდების გაძლიერების პარალელურად, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შექმნა და ინტეგრაციის ხელშეწყობა დაისახა მიზნად. დასახული მიზნის მისაღწევად პროექტმა 14 ადგილობრივი ქალი მედიაციისა და სამოქალაქო ჩართულობის კომიტეტში (MCEC) გააერთიანა; ლობირება-ადვოკატირების მექანიზმების შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნითა და გამოცდილებით აღჭურვა კომიტეტის წევრები, ადგილობრივ, ცენტრალურ და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მჭიდრო და წარმატებული პრაქტიკა ჩამოაყალიბა და მუნიციპალიტეტში არსებული მრავალი გამოწვევა მოკლე დროში, სწორედ რომ ადვოკატირების გზით გადაჭრა.
აღნიშნულ სტატიაში გიამბობთ პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში შექმნილი მედიაციისა და ადვოკატირების კომიტეტის საქმიანობის, გამოწვევებისა და მნიშნველოვანი მიღწევების შესახებ. ასევე, გაგაცნობთ თემზე დაფუძნებულ სოფლის განვითარებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის იმ წარმატებულ პრაქტიკებს, რომელსაც კომიტეტი იყენებს დასახული მიზნის მისაღწევად.
მედიაციისა და სამოქალაქო ჩართულობის კომიტეტი არის საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც შედგება კერძო, სამოქალაქო, საგანმანთლებლო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისაგან, ეფუძნება ქვემოდან ზემოთ მართვის ევროპულ პრინციპს და აერთიანებს 16-დან 65 წლამდე ქალებსა და ახალგაზრდებს წალკის მუნიციპალიტეტში. კომიტეტის მისია ძლიერი სამოქმედო ჯგუფის ჩამოყალიბებაა, რომელიც ხელს უწყობს რეგიონში ეკონომიკური და სოციალური გარემოს გაუმჯობესებას აქტიური ადვოკატირებისა და ეფექტიანი მედიაციის საშუალებით. კომიტეტის მიზანი მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრის გზებზე მუშაობა და ამ პროცესებში საზოგადოებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების ჩართულობისა და ერთობლივი მუშაობის ხელშეწყობაა.
დასახული მიზნების მისაღწევად კომიტეტი უკვე მესამე წელია, რაც ადვოკატირებისა და ადგილობრივების ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობს
ადვოკატირების წარმატებული პრაქტიკა და სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობა
მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევების გადაჭრის მიზნით კომიტეტმა ადვოკატირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, ოცამდე აქტუალური პრობლემა გამოკვეთა და მათ გადასაჭრელად ლობირება-ადვოკატირების სხვადასხვა მექანიზმი გამოიყენა. სტატიის ამ ნაწილში გიამბობთ რამდენიმე წარმატებული ინიციატივის შესახებ.
წალკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს მიერ ჩამოსახლებული მასწავლებლისათვის უძრავი ქონების დაკანონების საკითხი წლების მანძილზე რჩებოდა ერთ-ერთ ყველაზე მწვავე და მნიშვნელოვან გამოწვევად. კომიტეტმა აღნიშნული პრობლემის გადაჭრა დაისახა მიზნად, მოამზადა პოლიტიკის დოკუმენტი და წარუდგინა შესაბამის ინსტიტუტებს. სახელმწიფო უწყებებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, საქართველოს პარლამენტის წევრის, გოგი მეშველიანისა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ჩართულობით კომიტეტის ამ ინიციატივამ, მრავალი წლის მანძილზე, პედაგოგების აუხდენელი ოცნება რეალობად აქცია. შედეგად, 2021 წლის ოქტომბერში, წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8 პედაგოგს სიმბოლურ ფასად,- 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცათ საცხოვრებელი სახლები.
“2005 წელს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, წალკაში დასაქმებულ სპეციალისტებს შეუსყიდა, საცხოვრებელი სახლები, მათ შორის ჩემს ოჯახსაც. ბინები გადმოგვეცა ცხოვრების უფლებით, იმ პირობით, რომ ხუთი წლის შემდეგ ოფიციალურად გადმოგვეცემოდა საკუთრებაში. ჩვიდმეტი წლის განმავლობაში, უშედეგოდ ველოდით საკუთრების უფლების მოპოვებას. არა ერთ ინსტანციას მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ. 2021 წელს, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის მუშაობის შედეგად, მთავრობამ განიხილა ჩვენი საქმე, რის შედეგადაც საკუთრებაში გადმოგვეცა კუთვნილი უძრავი ქონება. უსაზღვროა ჩემი მადლიერების გრძნობა, როგორც ორგანიზაციის, ისე თითოეული ადამიანის მიმართ, ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ამ დიდ საქმეში. რომ არა CENN-, ალბათ კიდევ ბევრი წელი მოგვიწევდა მოლოდინის რეჟიმში ყოფნა.” – გვიყვება ინიციატივის ერთ-ერთი ბენეფიციარი, თამარ ლომიძე.
პოლიტიკის დოკუმენტები მომზადდა – სოფელ სამებაში 25 ოჯახისთვის 20 წლის მანძილზე არსებული სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობის პრობლემის გადაჭრის მიზნით; ქ. წალკისა და წალკის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის გაზიფიცირების; სოფლების იმერა, ბარეთი, საბეჭისი, თეჯისი, ჩივთკილისა, კაბური, ხაჩკოვი, გუმბათი, ავრანლოს დამაკავშირებელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მოასფალტების; ქ. წალკაში, კლდეკარის ქუჩაზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების და სხვა მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემების მოგვარების შესახებ.
“მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წალკის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციისა და ახალი შესაძლებლობების შექმნისათვის. წალკის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ბუნებრივი, ეკონომიკური და სოციალური მრავალფეროვნებით და პროექტი „ეს წალკაა“ დაწყების დღიდან ხელს უწყობს ადგილობრივი პოტენციალის განვითარებას. სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა კი, კიდევ უფრო აძლიერებს მსგავსი პროექტების მდგრადობას და ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარებას. ბოლო ორი წლის მანძილზე პროექტის ფარგლებში შექმნილ მედიაციისა და სამოქალაქო ჩართულობის კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით მრავალი ინფრასტრუქტურული, სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური მნიშვნელობის ადვოკატირების კამპანია განვახორციელეთ, რამაც უფრო მეტად გააძლიერა სამოქალაქო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობა.” – აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის წევრი, ბატონი გოგი მეშველიანი
ადვოკატირების სწორი სტრატეგიისა და მექანიზმების გამოყენების, მოქალაქეების აქტიური ჩართულობის, მოკავშირეებისა და მხარდამჭერების მობილიზებისა და თანამშრომლობის კარგი პრაქტიკის დამყარების შედეგად, კომიტეტმა ორი წლის მანძილზე წარმატებით განახორციელა თხუთმეტი საკითხის ადვოკატირება და მუნიციპალიტეტს, დამატებით, თოთხმეტ მილიონამდე ლარის ოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მისცა.
სოციალური საღამოები – ინტეგრაციისა და საზოგადოების გააქტიურების წარმატებული მიდგომა
საზოგადოების ინტეგრაციის ხელშეწყობისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, კომიტეტი ყოველკვირეულ სოციალურ საღამოებს ატარებს როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ ფორმატში. სოციალური საღამოები საკმაოდ მრავალფეროვანია და ფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მწვანე მეწარმეობა, აგროტურიზმი, კარიერული განვითარება, მიუსაფარ ცხოველთა დაცვა, კლიმატის ცვლილება, დებატების ხელოვნება, ახალგაზრდების პოლიტიკური მონაწილეობა და სხვა. სოციალური საღამოები ერთგვარი მცდელობაა წალკაში გაჩნდეს ადგილი, სადაც მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა შეიკრიბოს, იმსჯელოს, მოისმინოს საინტერესო ინფორმაცია და მიიღოს გამოცდილება მისთვის საინტერესო თემატიკაზე.
“აღნიშნული საღამოების შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით შევიტყვე და მას მერე აქტიურად ვესწრები მათ. ერთ-ერთი საღამო მიეძღვნა წალკაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისა და ქართული სამზარეულოს გაცნობას, კერძოდ, აჭარული, სვანური, ბერძნული და სომხური კერძების დეგუსტაციას. ფაქტობრივად, ამ საღამოზე დამსწრეებმა ერთმანეთს თავიანთი კუთხის კულინარიული კულტურა გაუზიარეს. მსგავსი საღამოები მნიშვნელოვანია სწორედ იმ კუთხით, რომ წალკაში მცხოვრები ადამიანები ერთმანეთს უკეთ გაიცნობენ და დაუახლოვდებიან, მიიღებენ ინფორმაციას მათთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხზე. წალკა მრავალეთნიკური მუნიციპალიტეტია,აქ სოციალური აქტივობის დონე ძალიან დაბალია. ძალიან ბევრი ბარიერი ხვდება აქაურ მოსახლეობას: თუნდაც საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები, ენის ბარიერი, არც ტელევიზია გვაქვს წალკაში და ბევრს ინტერნეტთან წვდომაც კი არ აქვს. შესაბამისად, სოციალური საღამოები მეტ-ნაკლებად ამ პრობლემების მოგვარებას უწყობს ხელს, ჩვენი, წალკის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს და იმ ინფორმაციის მოპოვებას, რომელიც ხშირად აქაურებისთვის ხელმისაწვდომი არაა,” – აღნიშნავს მელანო კახაძე, წალკის სოციალური საღამოების აქტიური მონაწილე.
ამ პერიოდის განმავლობაში პროექტმა 100-მდე სოციალურ საღამოს უმასპინძლა, რომელშიც 2000-მდე ადგილობრივმა მიიღო მონაწილეობა. სოციალური საღამოების ეს წამოწყება ახალი კავშირების დამყარებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის შესანიშნავი მცდელობა აღმოჩნდა წალკის მუნიციპალიტეტში.
პროექტი „ეს წალკაა“, საქართველოს ერთ-ერთ მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტში, წალკაში ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, 2018 წელს დაიწყო. ამ პროექტს ორგანიზაცია CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. პროგრამის მიზანი სოფლის განვითარების მხარდაჭერა, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა და მოსახლეობის ინტეგრაციის ხელშეწყობაა.