addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

25 აპრილი, 2020. წალკის მუნიციპალიტეტი – ევროკავშირის მხარდაჭერილი წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ გამოცხადებული Covid-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტები აქტიურად აგრძელებენ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას წალკის მუნიციპალიტეტში.

საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის – ერთნაირი შესაძლებლობა ქვეყნის ყველა მოქალაქეს განათლებისა და ინფორმაციის მისაღებად ფარგლებში, სსიპ – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნინო წიფიანმა და ამავე სკოლის მასწავლებელმა, მაია შუკვანმა, უსაფრთხოების მაქსიმალური ნორმების დაცვით, წალკის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში  (იმერა, ბარეთი, ლივადი, არსარვანი, ჩოლიანი, გოდაკლარი, საბეჭისი) პროექტის სამიზნე 21 ოჯახს სასურსათო პაკეტები გადასცა. ინიციატივის ფარგლებში, სასურსათო პაკეტები გადაეცათ მარტოხელა მოხუცებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიანი ოჯახებს, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. ამასთანავე, პროექტის წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს მიაწოდეს ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ საფრთხეებზე და მოუწოდეს მათ, დარჩნენ სახლში საკუთარი და სხვების ჯანმრთელობისათვის.

ინიციატივა – ერთნაირი შესაძლებლობა ქვეყნის ყველა მოქალაქეს განათლებისა და ინფორმაციის მისაღებად, უზრუნველყოფს წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის განათლებისა და ინფორმაციის თანაბარ და დროულ ხელმისაწვდომობას.  პროექტი სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს არაფორმალური განათლების ონლაინ  სასწავლო კურსებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ მოსწავლეებს გადაცემს სმარტფონებს  და გაზრდის ინტერნეტსა და ტელევიზიაზე ხელმისაწვდომობას ონლაინ საგანმანათლებლო აქტივობებში მათი ჩართულობის ხელშესაწყობად.

პროექტის წარმომადგენლები იზიარებენ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას და აქტიურად აგრძელებენ პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებასა და სამიზნე ჯგუფების დახმარებას.

აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია და ხორციელდება ევროკავშირის ENPAR-ის პროგრამის მხარდაჭერილი წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ გამოცხადებული COVID-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსის ფარგლებში.