წალკის LAG მხარს უჭერს მიუსაფარ ცხოველთა სტერილიზაციის კამპანიას წალკის მუნიციპალიტეტში
21.ივნისი.20221-2 ივნისი, 2022. წალკის მუნიციპალიტეტი. ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, CENN-ის, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფისა (LAG) და „EMD GROUP“ ფინანსური მხარდაჭერით წალკის მუნიციპალიტეტში მიუსაფარ ცხოველთა სტერილიზაციის კამპანია ჩატარდა რამდენიმე ლოკაციაზე. კამპანია მიზნად ისახავდა, როგორც მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაციას, ასევე, ვაქცინაციას, ტრავმირებული ცხოველებისთვის ვეტერინარულ დახმარებასა და სარეაბილიტაციო უზრუნველყოფას.
საერთო ჯამში, 30 მიუსაფარ ცხოველს ჩაუტარდა სტერილიზაცია, ვაქცინაცია და საჭდით იდენტიფიკაცია. პროცედურებისა და პოსტ-ოპერაციული მომსახურების შემდეგ, ყველა ძაღლი დაბრუნდა მათი ბინადრობის არეალში.
აღნიშნული კამპანია რიგით მესამე იყო, რომელიც “ენიმალ რესქიუ ჯორჯიას” ინიციატივით განხორციელდა წალკის მუნიციპალიტეტში. გარდა სტერილიზაცის კამპანიისა, ასევე, გადამზადნენ ადგილობრივი ვეტერინარები და მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია მსგავსი ტიპის კამპანიების მნიშვნელობის შესახებ.
კამპანიის დაგეგმვის პროცესში, აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს კამპანიის მობილიზაციის მიმართულებით. აღსანიშნავია, ადგილობრივი მეწარმის რუსლან ხუციშვილის როლი, რომელმაც სრულიად უანგაროდ გამოყო სივრცე სტერილიზაციის კამპანის ჩატარებისათვის.
აღნიშნული კამპანია განხორციელდა “ენიმალ რესქიუ ჯორჯიას” ვეტერინარულ კლინიკა ბალტო-ს გუნდთან თანამშრომლობით.