addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon
ge en

2021 წლის 9 თებერვალი. ZOOM – CENN-მა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში შექმნილ მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე შეხვედრას ონალინ, ZOOM პლატფორმაში უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობდა ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, წალკის მუნიციპალიტეტის მერიის და  ENPARD-ის  პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის მიზანი პროექტის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების გაცნობა, არსებული გამოწვევების გაზიარება,  ინფორმაციისა და რეკომენდაციების ურთიერთგაცვლა და სამომავლო თანამშრომლობის განხილვა იყო. 

ღონისძიება CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ გახსნა. შეხვედრის გახსნით ნაწილში ევროკავშირის დახმარების როლსა და პროექტის ‘ეს წალკაა’ მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. „ქვემოდან ზემოთ“ მიდგომასა და ENPARD IV-ის შესახებ ისაუბრა, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში – სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სურსათის უვნებლობის პროგრამის ოფიცერმა და ატაშემ, ჟორჟ დეუმ. 

„მოხარული ვარ, რომ ისევ მოგვეცა შეხვედრის და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა.  ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანია გაგიზიაროთ პროექტის ‘ეს წალკაა’ ფარგლებში მიღებული გამოცდილება და გამოწვევები და მოვისმინოთ თქვენი რჩევები. დღეს ღონისძიებაში მონაწილებენ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში წარმომადგენელები, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი, წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და ჩვენი პარტნიორები. დიდი მადლობა, რომ გვესწრებით, რადგან ჩვენთვის თქვენი ჩართულობა და თქვენი იდეების მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, დიდი მადლობა ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური დახმარებისთვის, რადგან თქვენი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ წალკის, ისე ქვეყნის უკეთესი განვითარებისათვის. წალკის პროექტი ENPARD-ის წინა პროექტებისგან განსხვავებით მნიშვნელოვან ყურადღებას, არსებულ სამ მიმართულებასთან ერთად, მეოთხე მიმართულებაზეც ამახვილებს, რაც მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციასა და გაძლიერებას გულისხმობს, ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა, პროექტის საქმიანობას კიდევ უფრო მდგრადს ხდის გრძელვადიან პერიოდში, რადგან ინტეგრაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა წალკის მუნიციპალიტეტისათვის.“განაცხადა ნანა ჯანაშიამ, CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

„წალკა არის თბილისთან ახლოს არსებული, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ სამწუხაროდ, ქართულ რეალობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად ინტეგრირებული მუნიციპალიტეტი. წალკა, არა მხოლოდ ქართველი მოსახლეობის, არამედ წალკელების მხრიდან მართლაც, რომ აღმოსაჩენია და თქვენი პროექტის ბრენდირება ‘ეს წალკაა’ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ უშუალოდ მუნიციპალიტეტზე და მის ცნობადობაზე გავამახვილოთ ყურადღება, რადგან ერთ-ერთი მიმართულება, რომელმაც შეიძლება ეკონომიკური კეთილდღეობა მოიტანოს მუნიციპალიტეტში, უნდა იყოს ტურიზმი, განსაკუთრებით იმ დროს, როცა მუნიციპალიტეტს მართლა დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, თავისი ლამაზი ბუნების და მდებარეობის გამო. ჩვენ როცა სოფლის განვითარებაზე ვსაუბრობთ, სოფლის მეურნეობის გარდა, სხვა ეკონომიკურ საქმიანობებსაც ვიხილავთ ხოლმე და ადგილობრივი ინიციატივები, რომელსაც ევროკავშირი და პროექტი ‘ეს წალკაა’ უჭერს მხარს, იქნება ეს მესაქონელობის, მეწარმეობის თუ ტურიზმის მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ეკონომიკური დოვლათის შექმნისა და მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის. ევროკავშირის პრაქტიკამ LAG-ების გაძლიერების მიმართულებით აჩვენა დიდი წარმატება და ჩვენთვისაც პრიორიტეტულია ENPAD IV-ის ფაზაში LAG-ების გაძლიერებაზე კონცენტრირება.“აღნიშნა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

“LAG და LEADER მიდგომა ევროკავშირისთვის ძალიან სახასიათოა, სწორედ ამიტომ ვფიქრობდით, რომ ეს ძალიან აქტუალური იქნებოდა საქართველოს კონტექსტისთვის. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ თითოეულ თქვენგანს აქვს ძალიან განსხვავებული კონტექსტი და არსებობის ძალიან განსხვავებული მიზეზი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ევროკავშირის პროგრამა და ევროკავშირის კონცეფცია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ამ მიდგომებს სპეციალურ საჭიროებების მოარგებ და ისე განახორციელებთ. აღნიშნული მიდგომების განხორციელება ძირითადად ხდება ორ დონეზე. ჩვენ მუდმივად განვიხილავთ სამინისტროსთან გლობალური პოლიტიკის პერსპექტივებს ეროვნულ დონეზე, ისევე როგორც თითოეულ მუნიციპალურ და ადგილობრივ დონეზე. ერთი მხარე ამ მიდგომას დამოუკიდებლად ვერ განახორციელებს, საჭიროა კომპლექსური მოქმედება. LEADER კონცეფცია იგივეა, მაგრამ თქვენი განხორციელების გზა არის განსხვავებული. მნიშნვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასეთი შეხვედრები ძალზე სასარგებლოა ჩვენი პრაქტიკის გაცვლისა და სხვადასხვა მიდგომის შესახებ დისკუსიის წარმართვისათვის ჩვენს კოლეგებთან, პარტნიორებთან, ბენეფიციარებთან და მმართველ ორგანოებთან,” განაცხადა ჟორჟ დეუმ, პროგრამის ოფიცერმა და  ატაშემ, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

შეხვედრაზე წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) თავმჯდომარემ და პროექტის მენეჯერმა წარადგინეს პრეზენტაციები და ისაუბრეს პროექტის პროგრესსა და გამოწვევებზე. შეხვედრაზე დრო დაეთმო პროექტის ფარგლებში შექმნილი კლიმატის ცვლილების შეფასების პრეზენტაციასაც. 

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, ევროკავშირი, ადგილობრივ დონეზეც გვიწევს დიდ ფულად და პოლიტიკურ მხარდაჭერას და შესაძლებლობას გვაძლევს, თანამედროვე, ევროპული მიდგომები დავნერგოთ და სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორებს შორის თანამშრომლობის სამაგალითო პრაქტიკა დავამკვიდროთ.  პროექტის დაწყების დღიდან, ჩვენ გამოვთქვამთ პროექტთან და LAG-თან თანამშრომლობის კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბების სურვილს და გვიხარია, რომ თანამშრომლობის მზაობა ორივე მხრიდან დიდია. აღნიშნულის დასტურია 2020 წლის ივლისში, მერიას, LAG-სა და CENN-ს შორის გაფორმებული სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ევროკავშირის და წალკის LAG-ის საქმიანობა ნამდვილად მიმართულია უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის შექმნაზე. მივესალმები LAG-ის არსებობას და ვაცხადებ აღნიშნულ ჯგუფთან თანამშრომლობის მზაობას, წელს უკვე გამოვკვეთეთ 10-მდე ერთობლივი თანამშრომლობის საკითხი და ჩვენ, მერიის პასუხისმგებლობის ნაწილში გააკეთებთ მაქსიმუმს,“ აღნიშნა ჯამბულ ხოზრევანიძემ, წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომლის ფარგლებში მონაწილეებს დაგეგმილი საქმიანობა გააცნეს საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ეროვნულმა მენეჯერმა ნოდარ კერესელიძემ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ENPARD-ის საგრანტო მენეჯმენტის ეროვნულმა ექსპერტმა, ჯუბა მარუაშვილმა. 

შეხვედრის ბოლოს მონაწილეები მიმდინარე პროექტების დაახლოვებასა და შესაძლებლობების არსებობის შესაბამისად, აქტივობების თანამშრომლობით განხორცილებაზე შეთანხმდნენ. 

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN,  საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.  პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით. 

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge. 

დამატებითი ინფორმაცია წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე : www.tsalkalag.ge   

საკონტაქტო პირები:

  • მარი კიკვაძე, CENN-ის კომუნიკაციის მენეჯერი, +995 577 95 90 20, marie.kikvadze@cenn.org