ევროკავშირის მხარდაჭერით წალკის LAG-მა და CENN-მა დედამიწის დღის აღსანიშნავად გამწვანების აქციები მოაწყო წალკის მუნიციპალიტეტში
22.აპრილი.202122 აპრილი, 2021. წალკის მუნიციპალიტეტი – დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი დღეა, რომელიც ყოველწლიურად 22 აპრილს აღნიშნება მსოფლიოს მასშტაბით, გარემოს დაცვისადმი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით.
პირველად ეს დღე 1970 წელს აღინიშნა. დღეს 22 აპრილი 192-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებით, რომელსაც გლობალურად კოორდინირებას დედამიწის დღის ქსელი უწევს.
მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ დედამიწის დღის აღნიშვნის მიზნით ევროკავშირის მხარდაჭერილი წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), CENN-თან ერთად, შეუერთდა მასშტაბურ კამპანიას და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ დეპუტატთან, ბატონ გოგი მეშველიანთან და წალკის მუნიციპალიტეტის 5 სკოლასთან ერთად გამწვანების კამპანია ჩაატარა წალკის მუნიციპალიტეტის ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის ბარეთისა და ქ.წალკის N1 საჯარო სკოლებში წალკის LAG-ის წევრების, პედაგოგებისა და მოსწავლეების აქტიური ჩართულობით. გამწვანების აქციის ფარგლებში 50 ნერგი დაირგო სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე. ღონისძიებაში მონაწილეობა კი 120-მა ადამიანმა მიიღო.
ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა, გოგი მეშველიანმა წალკაში ვიზიტის ფარგლებში მოინახულა ევროკავშირის ENPARD-ის მხარდაჭერილი ეკონომიკის განვითარების ორი პროექტი, სასტუმრო HOME+ და სამკერვალო „ნარგო“, ამასთანავე ბატონი გოგი წალკის LAG-ის წევრებთან ერთად ეწვია Kaas LAND-ის ტურისტულ-ინფრასტრუქტურულ პროექტს სოფელ დაშბაშში. ვიზიტისას ბატონმა გოგიმ აღნიშნა, რომ ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება და მათი ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია მუნიციპალიტეტის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის. საინვესტიციო პროექტები და ევროკავშირის მხარდაჭერა ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის ეკონომიკის დივერსიფიკაციას და აძლიერებს მოსახლეობას.
„ევროკავშირის დახმარება და CENN-ის ჩართულობა წალკის მუნიციპალიტეტის სოციალურ ეკონომიკური გაძლიერების პროცესებში დადებითად აისახება მოსახლეობის მომავალზე. მიმაჩნია, რომ თანამშრომლობით და რესურსების ოპტიმალური გამოყენებით, ერთად შევძლებთ წალკა გავხადოთ ახალგაზრდებისთვის უფრო მიმზიდველი ადგილი და ხელი შევუშალოთ ახალგაზრდების გადინებას მუნიციპალიტეტიდან. დღევანდელი გამწვანების აქცია აჩვენებს, რომ ახალგაზრდები არის ჩვენი ქვეყნის პოზიტიური მომავალი და მათი გაძლიერება და ხელშეწყობა ჩვენ ცხოვრებისეულ პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ“ – აღნიშნა გოგი მეშველიანმა.
ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი წალკაში ვიზიტისას, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) და პროექტის „ეს წალკაა“ წარმომადგენლებსაც შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიასა და იმ რიგ გამოწვევებზე, რასაც წალკის LAG აწყდება პროექტის განხორციელებისას. ბატონმა გოგიმ აღნიშნა, რომ იგი სამომავლოდ აქტიურად გააგრძელებს წალკის LAG-თან თანამშრომლობას. წალკის LAG-ის წევრებმა ბატონ გოგის გააცნეს ეკომიგრანტებისა და მიწის დაკანონების პრობლემებიც, რაზეც მან განაცხადა – „იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტის მიმართ მოსახლეობას გაუჩნდეს კუთვნილება, მნიშვნელოვანია მოსახლეობა ფლობდეს საკუთრებას და ჰქონდეს აქ ცხოვრების სამომავლო და გრძელვადიანი პერსპექტივები, ამ მიზნის მისაღწევად ერთად უნდა ვიმუშაოთ.”
„დედამიწის დღის აღნიშნვა და მასშტაბური კამპანიის ახალგაზრდებთან და სკოლებთან ერთად ორგანიზება მნიშვნელოვანია პროექტისა და წალკის LAG-ის, როგორ ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის ჩართულობის განვითარებისათვის. გვიხარია, რომ ამ ღონისძიების ორგანიზებით, ჩვენი წვლილი შევიტანეთ გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნასა და ამ დღის მნიშვნელობაზე ცნობიერების დონის ამაღლებაში.“ – ნინო წიფიანი, წალკის LAG-ის თავმჯდომარე.
შეხვედრის ბოლოს მხარეები მჭიდრო თანამშრომლობასა და გარემოსდაცვითი კამპანიების ერთობლივად აღნიშვნაზე შეთანხმდნენ.
პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.