addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

4 ივლისი, 2020 წელი. წალკის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ‘ეს წალკაა’ ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) საბჭოსა და პროექტის ფარგლებში შექმნილ მედიტაციისა და სამოქალაქო ჩართულობის (MCEC)  კომიტეტის წევრებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების პროცესში მოქალაქეების მონაწილეობის მექანიზმების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ. 

რადგან ევროკავშირის „ლიდერის“ (LEADER) მიდგომის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამონაწილეობრივი დაგეგმვის გზით ადგილობრივი პრობლემების გადაჭრა და ადგილობრივების ჩართულობის გაძლიერებაა, ტრენინგის მთავარი მიზანი იყო წალკის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში მოსახლეობის ჩართულობის ხელშეწყობა. კერძოდ, LAG-ისა და პროექტის ფარგლებში შექმნილი, მედიაციის და ადვოკატირების საბჭოს წევრების გადაწყვეტილების პროცესში ჩართვისთვის საჭირო მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ადგილობრივი პრობლემების მოგვარებისთვის სათანადო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობების განვითარება.

ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეები დეტალურად გაეცნენ თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობას და პრინციპებს, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს, გადაწყვეტილების მიღების და ადგილობრივ საბიუჯეტო პროცესებში მონაწილეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებს და შეასრულეს წალკის მუნიციპალიტეტზე მორგებული პრაქტიკული დავალებები.

ტრენინგის ფარგლებში ასევე მოხდა წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლების და პრიორიტეტების განხილვა და მონაწილეების მიერ იდენტიფიცირებული საჭიროებების და ბიუჯეტის პრიორიტეტებს შედარება. 

ტრენინგს 19 მონაწილე ესწრებოდა. ტრენინგის ფარგლებში მიღებულ ცოდნას წალკის LAG-ის მედიაციის და ადვოკატურების საბჭო ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად და თანამონაწილეობრივი დაგეგმვის მექანიზმის გასაძლიერებლად გამოიყენებს. 

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. 

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge