ევროკავშირის მხარდაჭერით, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG), წალკის მუნიციპალიტეტსა და CENN-ს შორის სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
30.ივლისი.202027 ივლისი, 2020 წელი. წალკის მუნიციპალიტეტი – ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა” ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფს (LAG), წალკის მუნიციპალიტეტის მერიასა და ორგანიზაცია CENN-ს შორის სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ხელს შეუწყობს პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანებისათვის ცხოვრების დონის ამაღლებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
შეთანხმება ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და წალკის მერიის, როგორც CENN-თან, ასევე წალკის LAG-თან თანამშრომლობას; კერძოდ, ერთობლივი თანამშრომლობით უზრუნველყოფს წალკის LAG-ის მიერ შემუშავებული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის განხორციელებას, მათ შორის: სოფ. ოზნის მოსახლეობისათვის სუფთა სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას
მემორანდუმს ხელი მოაწერეს CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ, წალკის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია საბაძემ და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წიფიანმა.
აღნიშნული შეთანხმება ევროპული LEADER მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც წალკის LAG-ის სამოქალაქო-საჯარო და სხვა სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. „ლაგი არის ინსტიტუტი, ორგანიზაცია, რომელიც ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა ძლიერი პარტნიორია მუნიციპალიტეტისთვის, რამეთუ მკვეთრად აუმჯობესებს კომუნიკაციას და სწორ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული მხარისთვის. ლაგის გაძლიერების მიზანიც ესაა, რომ მუნიციპალიტეტს ყავდეს ძლიერი პარტნიორი ადგილზე, რომელიც წარმატებით განახორციელებს პრაქტიკაში ლიდერის მიდგომას (ქემოდან-ზემოთ პრინციპს), რათა ეროვნულ დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება იყოს ეფექტიანი და ამავდროულად გაუმჯობესდეს ადგილობრივების ცხოვრების ხარისხი და სოციალურ-ეკონომიკური მგდომარეობა“. – ნანა ჯანაშია, CENN აღმასრულებელი დირექტორი.
„მივესალმები ლაგის არსებობას და ვაცხადებ აღნიშნულ ჯგუფთან თანამშრომლობის მზაობას, წელს უკვე გამოვკვეთეთ 10-მდე ერთობლივი თანამშრომლობის საკითხი და ჩვენ, მერიის პასუხისმგებლობის ნაწილში გააკეთებთ მაქსიმუმს“ – განაცხადა წალკის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია საბაძემ.
წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის თავმჯდომარის, ნინო წიფიანის აზრით, მემორანდუმი მეტად თვალსაჩინო მტკიცებულებაა იმისა, რომ წალკის LAG წარმოადგენს თანამონაწილეობრივი დაგეგმვისა და განხორციელების ევროპულ მიდგომაზე დაფუძნებულ გაერთიანებას, რომლის მთავარი მიზანი ადგილობრივი პრობლემების თანამონაწილეობრივი გზით გადაჭრაა: „პოზიტიურად ვაფასებ ევროკავშირის ამ წვლილს და კონკრეტულად ამ მიდგომას, რამეთუ ეს არის მუნიციპალიტეტში ერთადერთი პროექტი, რომელსაც აქვს სათემო მოძრაობის ფორმა-სახე, სადაც ფაქტობრივად, რეალურად მონაწილეობენ ადგილობრივები და რეზულტატებიც არის ხელშესახები“.
სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში ჩართული მხარეები 2022 წლის ჩათვლით გააგრძელებენ ადგილობრივ საჭიროებზე ერთობლივად მუშაობას
პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.