addres icon Tsalka LAG office, კლდეკარის N5, წალკა
შემოგვიერთდით: youtube icon

28 ოქტომბერი, 2021. 13:00 საათი. წალკის მუნიციპალიტეტი. ევროკავშირის მხარდაჭერილი წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) შეუერთდა საინფორმაციო შეხვედრებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან და იმუნიზაციასთან დაკავშირებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაციმ, CENN-თან, ევროკავშირის მხარდაჭერილი წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, წალკის მუნიციპალიტეტში ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და იმუნიზაციის შესახებ. შეხვედრის მიზანი იყო კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება და პანდემიასთან ბრძოლაში ვაქცინაციის მნიშვნელობის პოპულარიზაცია. 

“იმედი მაქვს ასეთი ტიპის შეხვედრები დაგვეხმარება დავამარცხოთ პანდემია. ეპიდემია ხედავთ უკან არ იხევს, არ იხევს სწორედ იმის გამო, რომ ნაკლებია სასარგებლო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა,  რაც დაგეხმარებათ თქვენ მიიღოთ ვაქცინაციის სასარგებლო გადაწყვეტილება. მსოფლიოში არც ერთი ეპიდემია არ დასრულებულა ვაქცინაციის გარეშე. ყველა ის დაავადება, რომელიც ჩვენს მიერ დღეს არის მივიწყებული და დღეს არ გხვდება, ეს არის ვაქცინაციის დამსახურება. მიხარია, რომ შეხვედრაზე ვხედავ ახალგაზრდებს, რადგან ახალგაზრდების ვაქცინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პანდემიის დამარცხებაში. მინდა აღნიშნული შეხვედრა მაქსიმალურად ინფორმატიული და საინტერესო იყოს თქვენთვის და ამ შეხვედრის შემდეგ მიიღოთ თქვენი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება.” – ნინო სარაშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის იმუნიზაციის კომუნიკაციის ჯგუფის წევრი 

აღნიშნულ შეხვედრას უძღვებოდნენ სამედიცინო სფეროს მოწვეული ექსპერტები და სპეციალისტები, რომლებმაც მონაწილეებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასვათ შეკითხვები და მიიღოთ პასუხები ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მათთვის აქტუალურ და საინტერესო საკითხებზე.

“შეხვედრებმა კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა, რომ ადამიანებს სჭირდებათ სანდო ინფორმაცია და კითხვებზე პასუხები, რომ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება და აიცრან კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. სწორედ ამ მიზნით გაეროს ასოციაცია საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მართავს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებთან, მათ შორის შორეულ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებისა და ჩასახლებების მაცხოვრებლებთან და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოქალაქეებთან.” – თამთა ხუციშვილი, გაეროს ასოციაციის პროექტის მენეჯერი.

საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა კამპანიის ფარგლებში უზრუნველყო მსურველების ვაქცინაცია/ან შესაბამის ამბულატორულ დაწესებულებასთან გადამისამართება. 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო წალკის 100-მდე მოქალაქემ, მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სოფლებიდან. მოსახლეობის მობილიზება წალკის 8 სოფლიდან  უზრუნველყო წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა.

შეხვედრა ინტერაქტიულად წარიმართა და ყველა მონაწილეს საშუალება ჰქონდა დაესვა კითხვები და მიეღო ამომწურავი პასუხები ვაქცინაციის შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა მასშტაბური საინფორმაციო კამპანის ფარგლებში, რომელიც გაეროს ასოციაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება საქართველოს ხუთი რეგიონის – კახეთის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, აჭარისა და იმერეთის სოფლებში.  

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN,  საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.  პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

მედია კონტაქტი:

მარი კიკვაძე, CENN, კომუნიკაციის მენეჯერი,  marie.kikvadze@cenn.org